როგორ შევარჩიოთ განათება
- jokhadzeirakli
- May 27, 2025
- 2 min read
თუ როგორ შევარჩიოთ განათება, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ვიცოდეთ მისი რამდენიმე ფუნდამენტური მახასიათებელი. ინტერიერის განათება მხოლოდ ფუნქციური საჭიროება არ არის – ის მნიშვნელოვანია სივრცის ატმოსფეროს, სტილისა და ვიზუალური ესთეტიკის შექმნისთვის. სწორი სანათის შერჩევა დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე, როგორიცაა ნათების ფერი, ფერის ტემპერატურა, ინტენსივობა და სხვა ტექნიკური მახასიათებლები.
1. ნათების ფერი და ფერის ტემპერატურა
დაუშვებელია ერთ სივრცეში გამოყენებული იქნას სხვადასხვა ტემპერატურის ნათება, ის იზომება კელვინებში (K) და განსაზღვრავს, თუ რამდენად თბილი ან ცივი ჩანს შუქი:

2700K – 3000K – თბილი თეთრი შუქი (Warm White): იდეალურია საცხოვრებელი ზონებისთვის – მისაღები, საძინებელი, სასადილო. ქმნის მყუდრო ატმოსფეროს.
3500K – 4100K – ნეიტრალური თეთრი (Neutral White): კარგია სამზარეულოსთვის ან აბაზანისთვის.
5000K – 6500K – ცივი თეთრი/დღის შუქი (Cool White / Daylight): გამოიყენება ოფისებში, სამუშაო სივრცეებში, ან სადაც მაღალი ფერის აღქმაა საჭირო.
არარის რეკომენდირებული ამ ფერის საცხოვრებელ ზონებში გამოყენება.
2. განათების ინტენსივობა (ლუმენი)
ნათების ინტენსივობა იზომება ლუმენებში (lm). რაც უფრო მაღალია ლუმენი, მით უფრო კაშკაშაა შუქი.
მყუდრო ზონებისთვის (საძინებელი, მისაღები) – 300–600 ლუმენი საკმარისია თითოეული სანათისთვის.
სამუშაო სივრცეებისთვის – 800–1200 ლუმენი ან მეტიც საჭირო ხდება.
დეკორატიული სანათები – აქ შეიძლება ნაკლები ლუმენი, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება განათების დიზაინი და აქცენტები.
3. CRI (Color Rendering Index) – ფერის გადმოცემის სიზუსტე
CRI არის ინდექსი, რომელიც მიუთითებს, რამდენად რეალურად აჩვენებს შუქი ობიექტის ბუნებრივ ფერს. მაქსიმალური მნიშვნელობა არის 100.
CRI 90+ – ფერის კარგად გადმოცემის მაჩვენებელი, ესეთი ინდექსის ნათება მაქსიმალურად უნარჩუნებს საგნებს მის ორიგინალ ფერს. ძალიან მაღალი CRI - ს მაჩვენებლიან სანათებს იყენებენ ისეთ სივრცეებში, როგორიც არის მაგალითად საოპერაციო ოთახი, სადაც რეალური ფერის აღქმა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. თუ საგნების ბუნებრივი ფერის გადმოცემა გსურთ ყურადღება მიაქციეთ სანათის ამ მაჩვენებელს.
CRI 80–90 – საშუალო ან დაბალი ინდექსი
4. დიმერირება და კონტროლი
თანამედროვე განათების სისტემებში სასურველია იყოს დიმერების გამოყენება, რაც საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ შუქის ინტენსივობა სურვილის მიხედვით. ასევე პოპულარულია სმარტ განათება, რომლის მართვა შესაძლებელია აპლიკაციით, ხმით ან სცენარების დაპროგრამებით.
5. განათების განლაგება
სანათების სწორი განლაგება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათი ტექნიკური მახასიათებლები:
გამოიყენეთ ზონირებული განათება – მაგალითად, ცენტრალური შუქი + ლოკალური სანათები (მაგიდის, იატაკის, კედლის) + დეკორატიული განათება
არ დაგავიწყდეთ პირდაპირი და არაპირდაპირი შუქის კომბინაცია, რათა სივრცემ მრავალშრიანი ვიზუალი მიიღოს.
6. სტილი და დიზაინი
გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა, სანათების ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი უნდა ემთხვეოდეს სივრცის სტილს – იქნება ეს მინიმალისტური, კლასიკური, ინდუსტრიული თუ ეკლექტიკური.
დასკვნა:სანათის არჩევისას გაითვალისწინეთ არა მხოლოდ როგორი გარეგნობის სანათი მოგწონთ, არამედ რომელი სივრცისთვის, რომელი განწყობისთვის ან ფუნქციისთვის გჭირდებათ.
განათების სწორი შერჩევით თქვენს სივრცეს გახდით ათმაგად უფრო მყუდროს და ფუნქციურს.


ძალიან კარგი რჩევებია 🥰
საინტერესო სტატიაა 👌🩷
ყოველთვის ვცდილობ, თქვენი რჩევები გავითვალისწინო, დიდი მადლობა 💗