top of page

ელექტროობა: ელ. წერტილების სწორი განლაგება ბინაში


ბინის რემონტის დროს ელექტროობის დაგეგმვა ძალიან საყურადღებო საკითხია. თანამედროვე საცხოვრებელი გარემო ტექნოლოგიურად ძალიან დატვირთულია. თუ წინასწარ არ გათვლით, როგორ აეწყოს მთავარი ფარი, სად დაიმალოს ინტერნეტის მოდემი, ან სად დაიდგმება ჩასაშენებელი ტექნიკა, შემდგომში მოგიწევთ დამაგრძელებლების გამოყენება ან ახლად გარემონტებული კედლების დაზიანება.

ამ ვრცელ გზამკვლევში დეტალურად განვიხილავთ, როგორ უნდა გავანაწილოთ წერტილები ოთახების მიხედვით, როგორ მუშაობს ჭკვიანი სისტემები და რა ხარჯებთან არის ეს დაკავშირებული საქართველოში.


შავი თუ თეთრი კარკასი – საიდან ვიწყებთ?


თქვენი ბიუჯეტი და სამუშაოს მოცულობა კავშირშია ბინის საწყის მდგომარეობასთან:


  • შავი კარკასი: ელექტროობის დასაგეგმად ყველაზე მოსახერხებელი მდგომარეობაა. მავთულები პირდაპირ ბეტონის ან ბლოკის კედლებზე მაგრდება გალესვამდე, რაც ზედმეტ ხარჯებს გარიდებთ თავიდან.

  • თეთრი კარკასი: რადგან კედლები უკვე გალესილია, ელექტრიკოსს კაბელების ჩასამალად კედლის გათხრა (ე.წ. შტრაბვა) უწევს. თუმცა არსებობს ელექტროობის თავიდანვე ამ სქემით მოწყობის გეგმაც.

ელექტროობა შავი კარკასისთვის

მთავარი ელექტრო ფარი და უსაფრთხოება


ბინის ელექტროობის „ტვინი“ მთავარი გამანაწილებელი ფარია, სადაც იყრის თავს სახლის ყველა კაბელი და ავტომატური ამომრთველი. რემონტის დროს დაუშვებელია მთელი ბინის 2-3 ავტომატზე დაერთება, როგორც ამას აკეთებდნენ ძველ კომუნისტურ საცხოვრებლებში. ფარი უნდა აიწყოს ისე, რომ ბინა დაყოფილი იყოს ოთახებად, ამასთანავე მსხვილი ტექნიკა იყოს დაცული და ცალცალკე ხაზებზე ან დაწყვილებულად შეერთბული, ხოლო პრობლემის დროს მთელ სახლში შუქი არ ჩაქრეს და შეგვეძლოს ელ. ფარიდან დენის ლოკალურ ადგილას გათიშვა.


  • მსხვილი ტექნიკის დაცალკევება: ყველა მძლავრ ტექნიკას (ინდუქციური ქურა, ელექტრო ღუმელი, კონდიციონერი, სარეცხი მანქანა) ფარიდან უნდა მიუვიდეს ინდივიდუალური, დამოუკიდებელი კაბელი და ფარში ეყენოს საკუთარი ავტომატი. თუ ქურაზე პრობლემა შეიქმნება, შეგვეძლება ფარიდან მხოლოდ მისი გათიშვა ისე, რომ ოთახში სხვა ელ. წერტილები მოქმედი დარჩეს.

  • გაჟონვის სენსორი (დიფ-რელე): ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დეტალი! ფარში აუცილებლად უნდა დაყენდეს ე.წ. ნარჩენი დენის მოწყობილობა. თუ სარეცხი მანქანიდან ან წყლის გამაცხელებლიდან დენმა კორპუსზე გადაიტანა (ანუ გაჟონა), ეს სენსორი წამის მეათედში გათიშავს დენს და ადამიანს დენის დარტყმისგან გადაარჩენს.

  • ძაბვის სტაბილიზატორი: თუ გსურთ ძვირადღირებული ტექნიკა (ტელევიზორი, მაცივარი) ქსელში ძაბვის მოულოდნელი ვარდნისგან ან მეხის დაცემისგან დაიცვათ, ფარშივე მონტაჟდება ძაბვის დამცავი რელე.


მთავარი ელექტრო ფარი


სუსტი დენები: ინტერნეტის მოდემი, დომოფონი და ზარი

ყველაზე ხშირი შეცდომა რემონტისას ინტერნეტის მოდემის უყურადღებოდ დატოვებაა, რის გამოც ის ხშირად უბრალოდ კედელზეა უშნოდ ჩამოკიდებული.


  • სად დავმალოთ მოდემი? ძირითად ელექტრო ფართან ახლოს, კედელში უნდა ჩააშენოთ მეორე, ე.წ. „სუსტი დენების ფარი“. საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერებს (Magti, Silknet) სადარბაზოდან ბინაში შემოჰყავთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. ეს კაბელი უნდა შევიდეს ამ კოლოფში. კოლოფის შიგნითვე უნდა დაგეგმოთ ჩვეულებრივი როზეტი (220V), რათა მოდემი შიგნითვე შეაერთოთ დენში და კარი დახუროთ.

  • ინტერნეტის (LAN) კაბელების დაქსელვა: მოდემის კოლოფიდან, იატაკის ან ჭერის გავლით, ინტერნეტის კაბელები წინასწარ უნდა მიიყვანოთ ტელევიზორების უკან და სამუშაო მაგიდებთან. ეს მოგცემთ სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტს ტელევიზორში, სამუშაო კომპიუტერთან თუ სათამაშო კონსოლებთან.

  • ზარი და დომოფონი: კარის შესასვლელთან არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკისა და ვიდეო-დომოფონის ეკრანისთვის სადენების წინასწარ მიყვანა. დომოფონის მონიტორს როგორც წესი კვება და სადარბაზოში ჩამავალი კაბელი სჭირდება.


ჭკვიანი სისტემები და სენსორული განათება


დღეს სახლის „გაჭკვიანება“ კოლოსალურ თანხებთან აღარ არის დაკავშირებული. ჭკვიანი სახლი (Smart Home) მხოლოდ ტელეფონიდან ჩამრთველის მართვა არ არის — ეს არის ერთიანი ეკოსისტემა, რომლის მთავარი სარგებელი მაქსიმალური კომფორტის, ენერგოეფექტურობისა და უსაფრთხოების შექმნაა.

რამდენიმე დეტალის წინასწარ გათვალისწინებით, ყოველდღიურობას სრულიად სხვა საფეხურზე აიყვანთ:

  • განათების ხმოვანი მართვა (Voice Control): დაივიწყეთ ჩამრთველისკენ სიარული. თანამედროვე სისტემების (Amazon Alexa, Google Assistant ან Samsung Bixby) ინტეგრაციით, შეგიძლიათ სახლის ნებისმიერ ოთახში განათება მხოლოდ ხმოვანი ბრძანებით მართოთ. მაგალითად: საკმარისია თქვათ „გამორთე შუქი მისაღებში“ ან „შეამცირე განათება 20%-მდე კინოს საყურებლად“, და სისტემა ამას მყისიერად შეასრულებს.

  • ფარდების ჭკვიანი მართვა: ფარდების ჭკვიანი ძრავები შეგიძლიათ დააპროგრამოთ ისე, რომ დილის 8 საათზე ფარდები თავისით გადაიწიოს. ზაფხულის ცხელ დღეებში კი, როცა სახლში არ ხართ, სისტემა ავტომატურად ჩამოაფარებს მათ, რათა ოთახი არ გადახურდეს და კონდიციონერმა ზედმეტი ენერგია არ დახარჯოს.

  • ნებას, თუ კარი ღია დაგრჩათ.

  • ჭკვიანი (Smart) როზეტები და უსაფრთხოება: ინტეგრირებული Wi-Fi როზეტებით მუდმივად გეცოდინებათ, დაგრჩათ თუ არა უთო ან სხვა საშიში ხელსაწყო ჩართული და მას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ერთი თითის დაჭერით გამორთავთ.

  • სენსორული განათება კარადებში: ეს ძალიან პრაქტიკული ესთეტიკური დამატებაა. გარდერობსა და სამზარეულოს კარადებში სენსორული LED განათების დამონტაჟებით, კარის გაღებისთანავე სენსორი აღიქვამს მოძრაობას და შუქი ავტომატურად ინთება, ხოლო დახურვისას ქრება


სამზარეულოს სრული ეკოსისტემა: როგორ დავაკავშიროთ ტექნიკა?


სამზარეულოს როზეტები

სამზარეულოში ყველაზე მძლავრი და მრავალფეროვანი ტექნიკა იყრის თავს:

  • სამუშაო და ფარული როზეტები: დიზაინის შესანარჩუნებლად დღეს აქტიურად გამოიყენება ზედაპირში ჩასაშენებელი (Pop-up) როზეტები, რომლებიც მხოლოდ საჭიროებისას ამოდის ზემოთ. თუ პირდაპირი მარტივი წვდომა გვჭირდება, როზეტი უნდა განთავსდეს ფართუკის ზონაში იატაკიდან 110 სმ-ზე.

  • ჩასაშენებელი ტექნიკა (ღუმელი, მიკროტალღური): ამ ტექნიკისთვის როზეტები არასდროს უნდა გაკეთდეს უშუალოდ მათ უკან, რადგან ტექნიკა კედელზე ბოლომდე ვერ მიიდგმება. ისინი უნდა დამონტაჟდეს მომიჯნავე კარადებში.

  • სველი ზონა: ჭურჭლის სარეცხი მანქანისა და ნაგვის გადამამუშავებლის (Disposer) როზეტები უნდა დამონტაჟდეს ნიჟარის ქვედა კარადაში. უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებით, ნიჟარასთან ახლოს არსებული ყველა როზეტი აღჭურვილი უნდა იყოს ტენდამცავი (GFCI) ფუნქციით.

  • მაცივარი: მაცივრის როზეტი ძირითადად თავსდება მის გვერდით ან მის თავზე, რათა შტეკერმა სივრცე არ დაიკავოს.


მისაღები ოთახი და საძინებელი


  • ტელევიზორის ზონა: კედელზე დაკიდებული ტელევიზორის უკან (იატაკიდან 100-110 სმ-ზე), გააკეთეთ როზეტების დიდი ბლოკი (მინიმუმ 4-6 როზეტი: TV, ინტერნეტის LAN კაბელი, სათამაშო კონსოლი, აუდიო სისტემა), რათა სადენები საერთოდ არ ჩანდეს. ასევე არსებობს ალტერნატიული მეთოდი რა დროსაც ელ. წერტილები ტელევიზორის ქვეშ დადგმულ ტუმბოში იყრის თავს, და წინასწარ კედელში ჩამონტაჟებული მილკვადრატის მეშვეობით კაბელები ტელევიზორამდე ამ გზით მიდის.

  • დივნის ზონა: დივნის ბოლოებში (იატაკიდან 30 სმ-ზე) გაითვალისწინეთ წერტილები ტორშერისთვის, ტელეფონისა და ლეპტოპის დასატენად.

  • საძინებელი: საწოლის ტუმბოებთან აუცილებელია როზეტები დამტენებისთვის ან მაგიდის სანათისთვის, ისინი ტუმბოს თავზე რომ მოექცეს დაახლოებით 60 დან 70 სმ მდე შუალედში იატაკიდან. აქ ასევე აუცილებლად გამოიყენეთ რევერსული ჩამრთველები, რაც საშუალებას გაძლევთ ოთახში შესვლისას კართან ანთებული შუქი, ლოგინიდან ადგომის გარეშე, ტუმბოსთან დამაგრებული ჩამრთველით ჩააქროთ.


ელექტრო დატვირთვები – რატომ არის საშიში ძველი გაყვანილობა?


თუ ძველ ბინას არემონტებთ, იცოდეთ, რომ ძველი გაყვანილობა გათვლილი იყო მხოლოდ 3-4 კვტ (kW) დატვირთვაზე. თანამედროვე ბინას კი მინიმუმ 12-15 კვტ სიმძლავრე სჭირდება.

ნებისმიერი სერიოზული რემონტისას ძველი კაბელები სრულად უნდა შეიცვალოს ახალი, სამწვერიანი სპილენძის (დამიწებიანი) კაბელებით. ინდუქციური ქურა (რომელიც 7 კვტ-მდე ენერგიას მოიხმარს) საჭიროებს მსხვილ 3x4 ან 3x6 კვ.მმ სპილენძის კაბელს, ხოლო ჩვეულებრივი როზეტებისთვის გამოიყენება 3x2.5 კვ.მმ კაბელი.



კალკულატორი: რამდენი წერტილი გვჭირდება ჯამში და რა ითვლება „წერტილად“?


ყველაზე მთავარი კითხვა — დაახლოებით რამდენი ელექტრო წერტილი დამიგროვდება რემონტის დასრულებისას და როგორ გამოვთვალო ბიუჯეტი?

სანამ უშუალოდ დათვლაზე გადავალთ, უნდა განვსაზღვროთ, რას ეძახიან ელექტრიკოსები საქართველოში „წერტილს“. 1 წერტილი = 1 როზეტს (შტეფსელს), 1 ჩამრთველს, 1 ჭაღს, 1 წერტილოვან სანათს (სპოტს), 1 ინტერნეტის პორტს ან 1 გამანაწილებელ კოლოფს.

თანამედროვე ბინების დაგეგმარებისას, სადაც გამოიყენება მრავალფეროვანი განათებები, დეკორატიული სანათები და უამრავი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, 1 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართზე საშუალოდ 1.5-დან 2.5-მდე წერტილი მოდის (და ხანდახან მეტიც, თუ ჭერზე ბევრი წერტილოვანი სანათი გაქვთ).

რეალური კალკულაცია 60 კვ.მ ბინის მაგალითზე: თუ თქვენი ბინის საცხოვრებელი ფართი 60 კვ.მ-ია, რეალურად უნდა ელოდოთ, რომ ჯამში 100-დან 150-მდე წერტილი დაგიგროვდებათ.


დასკვნა:

ელექტროობის დაგეგმვა რემონტის უხილავი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. კარგად გაიაზრეთ ავეჯისა და ტექნიკის განლაგება, მოაწყვეთ უსაფრთხო ელექტრო ფარი გაჟონვის სენსორებით, დაუთმეთ ცალკე სივრცე ინტერნეტის მოდემს და არ დაზოგოთ თანხა ხარისხიან სადენებსა და პროფესიონალ ელექტრიკოსებზე.


Comments


bottom of page