top of page

🏠 ჩემი პირველი რემონტი: ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სანამ ბინას გაარემონტებ

Updated: Jun 19, 2025


დადგა დღე, როცა შენს ცხოვრებაში რემონტმა შემოაბიჯა! ეს ის მომენტია, როცა შენი ბინა ცარიელი ტილოსავითაა მოლბერტზე, შენ კი – მხატვარი ხარ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ პირველივე შეხებისას შეიძლება მიხვდე – „არ ვიცი საიდან დავიწყო...“ სულ რაღაც რამდენიმე წუთში ხვდები, რომ საქმე ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უბრალოდ „კედლების შეღებვა“ ან „საუკეთესო კაფელის გუგლში ძიება“. შენ წინ გელოდება ნამდვილი თავგადასავალი.


რემონტი = პატარა მშენებლობა

ეს არის მინი-მშენებლობა — პრაქტიკულად ნულიდან იწყებ ცხოვრებისთვის საჭირო სივრცის აშენებას. თუ პროცესებს სწორად არ დაგეგმავ, ბევრი ფული და ნერვები შეეწირება მთელ ამ ამბავს. ნუ შეგეშინდება! სწორედ ამიტომ ვარ აქ მე, რომ დაგეხმაროთ და ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ მთელი პროცესი და შენი პირველი რემონტი არა ქაოსად, არამედ სასიამოვნო თავგადასავლად ვაქციოთ.



ობიექტზე სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე დასაგეგმი დეტალები


პირველი სამი პუნქტი — „დაგეგმარება“, „ინსპირაციები და დიზაინის მაგალითები“ და „ტექნიკური ნაწილი“ — ობიექტზე სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე დასაგეგმ საქმეს ეკუთვნის. ამ ეტაპების გულდასმით გავლა გადამწყვეტია, რათა თავიდან აირიდოთ შეცდომები და უზრუნველყოთ, რომ თქვენი რემონტი ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორსაც წარმოიდგენთ.


1. დაგეგმარება — უმნიშვნელოვანესი ეტაპი

წარმოიდგინე, რომ ინტერიერი შენი ცხოვრების სტილის ანარეკლია. რემონტის დაწყებამდე, კარგად დაფიქრდი და დაუსვი საკუთარ თავს ეს კითხვები. რაც უფრო დეტალურად გაიაზრებ ამ პუნქტებს, მით უფრო ზუსტი და ფუნქციონალური გამოვა შენი ბინა:

  • ვინ იცხოვრებს ბინაში და რამდენი ხნით?

    • მარტო ცხოვრობ? წყვილი ხართ? გეგმავთ თუ არა ოჯახის გაზრდას უახლოეს მომავალში?

    • ეს თქვენი „სამუდამო“ სახლია, თუ დროებითი გაჩერება? (ამაზეა დამოკიდებული ინვესტიციის ზომა).

  • როგორია თქვენი ცხოვრების სტილი?

    • ბევრს მუშაობთ სახლიდან? გჭირდებათ ცალკე სამუშაო კუთხე ან კაბინეტი?

    • გიყვართ სტუმრების მიღება? გჭირდებათ დიდი მისაღები ან სასადილო ზონა?

    • აქტიური ხართ თუ უფრო მშვიდი? გჭირდებათ დასასვენებელი კუთხეები თუ მეტი სივრცე მოძრაობისთვის?

    • გყავთ შინაური ცხოველები ან პატარა ბავშვები? (ეს გავლენას მოახდენს მასალების არჩევანზე, ავეჯის მდგრადობაზე და უსაფრთხოებაზე).

  • როგორი ფუნქცია ექნება თითოეულ ოთახს?

    • მისაღები: მხოლოდ დასვენებისთვის? თუ ასევე სამუშაო/სტუმრების მისაღები/ბავშვების სათამაშო ზონაც იქნება?

    • სამზარეულო: ბევრს ამზადებთ? გჭირდებათ დიდი სამუშაო ზედაპირი? კუნძული? სასადილო ზონა?

    • საძინებელი: მხოლოდ ძილისთვის? თუ გჭირდებათ კარადა, სამუშაო მაგიდა ან კითხვის კუთხეც?

    • აბაზანა: გირჩევნიათ საშხაპე თუ აბაზანა? გჭირდებათ სარეცხის მანქანა აბაზანაში თუ გაქვთ ცალკე სამრეცხაო ოთახი?

    • დერეფანი/შესასვლელი: გჭირდებათ დიდი კარადა ტანსაცმლისთვის? სარკე? სკამი?

  • გსურთ თუ არა სივრცის გადანაწილების შეცვლა?

    • არის კედელი გადასატანი? გსურთ ერთი დიდი სივრცის შექმნა (მაგ., სტუდიო) თუ ზონების მკაფიო გაყოფა?

    • ხომ არ ჯობია რომელიმე ოთახის გაფართოება ან შემცირება?

    • გაითვალისწინეთ მზიდი კედლები – მათ შეხება მხოლოდ სპეციალური ნებართვით და პროექტის საფუძველზეა შესაძლებელი.

  • იფიქრე დღის სინათლეზე და მოძრაობაზე:

    • სად შემოდის მზე დილით და სად — საღამოს? როგორ იყენებ ოთახებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში?

    • გინდა, რომ დივანი იყოს ფანჯარასთან თუ მისგან მოშორებით?

    • როგორ მოძრაობს ადამიანი ოთახში — არის ბილიკები და მოძრაობის ნაკადები კომფორტული? არაფერი ეღობება გზაზე?

გამართული და ფუნქციონალური დაგეგმარება არის საძირკველი, რომელზეც დაშენებულია ყველაფერი დანარჩენი.


2. ინსპირაციები და დიზაინის მაგალითები — როგორ შევარჩიოთ გონივრულად

დაგეგმარების შემდეგ ბევრს უჩნდება კითხვა — „ახლა როგორ ავაწყო ჩემი სტილის ინტერიერი?“ და აქ იწყება ინტერნეტის ქექვა — Pinterest, Instagram, Google... მაგრამ ხშირად ადამიანები შეკრებენ ხოლმე ფოტოებს, სადაც ყველაფერი უხდება ერთმანეთს, მაგრამ გაუგებარია როგორ უნდა გადმოიტანო ეს შენს სივრცეში.

📌 აი რამდენიმე რჩევა, რომ ინსპირაცია რეალობასთან დააკავშირო:

  • შექმენი სამოყვარულო მუდბორდი. ეს არ ნიშნავს პროფესიონალურ პროგრამაში მუშაობას — შეიძლება უბრალოდ სქრინშოტები შეაწებო ერთ ფოტოდ. ემსახურება მიზანს, რომ მოძებნო სწორი ფორმების, გაბარიტებისა და ფერების კომბინაციები.

  • გადაანალიზე ავეჯის მასშტაბი. აიღე მაგალითები ისეთი ოთახებიდან, რომლებიც შენს ბინას ჰგავს და ახლოა ზომებში — თუ შენს მისაღებში ეტევა 2-ადგილიანი დივანი, 8-მეტრიანი სივრცის თვალიერება არ იქნება კარგი იდეა.

  • ფერების შეხამება. დაიწყე 2–3 ძირითადი ტონით და 1–2 აქცენტური ფერით. ხშირად სწორედ სიმარტივე ქმნის სილამაზეს. ფოტოების თვალიერებისას გააკეთე მისი ანალიზი და დააკვირდი მოცემულ ინტერიერში რა ფერები უხდება ერთმანეთს და რატომ. ამის გააზრება დაგეხმარება შენი ფერთა პალიტრის წარმოდგენაში.

  • ინსპირაცია ≠ ასლი. იდეის გადმოტანა კარგია, მაგრამ შენს სივრცეს აქვს თავისი მოცულობა, სინათლე, არქიტექტურა — ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო. უცილებლად დააკვირდი საინსპირაციო ფოტოებში ფანჯრებისა და ღიობების სიდიდეს, ბუნებრივი სინათლე ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მთლიანი ინტერიერის ხასიათზე


3. ტექნიკური ნაწილი — შენი ბინის ნერვული სისტემა

როცა უკვე გაქვს ფუნქციური გეგმა და დიზაინის პროტოტიპი, დროა გადავიდეთ მთავარზე — ელექტროობა, სანტექნიკა და გათბობა. ეს ის "ნერვული სისტემაა", რომელიც შენს ბინას სიცოცხლეს შთაბერავს.

სანამ ხელოსნებს დაიქირავებ, აუცილებელია შეადგინო დეტალური ტექნიკური ნახაზი ან გეგმა პირობითი აღნიშვნებით. ეს იქნება შენი გზამკვლევი და ხელოსნების მთავარი დოკუმენტი. ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა გაითვალისწინო შემდეგი კითხვები:


ელექტროობა: სად იქნება დენი?

ელექტროგაყვანილობის დაგეგმვა ყველაზე კრიტიკული ეტაპია. არასწორმა დაგეგმვამ შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ უხერხულობა, არამედ სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები.


  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის განლაგება:

    • სად განთავსდება ძირითადი ტექნიკა? დააფიქსირე ზუსტი ადგილი ქურისთვის, ღუმელისთვის, მაცივრისთვის, ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის, სარეცხი მანქანისთვის, საშრობისთვის, მიკროტალღურისთვის, ტელევიზორებისთვის და სხვა მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის.

    • რა სიმძლავრე უნდა ჰქონდეს ტექნიკას? თითოეული მოწყობილობის სიმძლავრის (კილოვატებში, kW) ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ინფორმაცია ელექტრიკოსს დასჭირდება სწორი კაბელების სისქის გაანგარიშებებისთვის. მაგალითად, ელექტრო ღუმელსა და ინდუქციურ ქურას ხშირად ცალკე, გაძლიერებული ხაზი სჭირდება.

    • რომელ როზეტს რომელი ტექნიკა დაუკავშირდება? ზუსტად განსაზღვრე, სად იქნება საჭირო სპეციალური როზეტები მაღალი სიმძლავრის ტექნიკისთვის (მაგ. ინდუქციური ქურა, გამათბობელი).

  • როზეტებისა და ჩამრთველების განლაგება:

    • სად დაგჭირდება ყველაზე მეტი როზეტი? გაითვალისწინე არა მხოლოდ მსხვილი ტექნიკა, არამედ მცირე მოწყობილობები (ტელეფონის დამტენი, ტორშერი, მტვერსასრუტი და ა.შ.). იმაზე მეტი როზეტი დაგეგმე, ვიდრე გგონია, რომ დაგჭირდება! "ზედმეტი როზეტი არასდროს არ არის ზედმეტი."

    • არასდროს მოათავსო როზეტები პირდაპირ მსხვილი ტექნიკის უკან! როზეტი ყოველთვის უნდა იყოს წვდომადი, ტექნიკის გვერდით ან ზემოთ, რათა უპრობლემოდ შეძლო ჩართვა/გამორთვა და ტექნიკაც თავისუფლად, კედელთან მიდგმული დადგეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა რემონტის დროს.

    • რა სიმაღლეზე იქნება როზეტები და ჩამრთველები? არსებობს სტანდარტები (მაგალითად, ჩამრთველები იატაკიდან 85 სმ-ზე, როზეტები 30 სმ-ზე), მაგრამ შეგიძლია მოარგო შენს საჭიროებებსა და ავეჯის სიმაღლეს.

    • სად იქნება ინტერნეტის/ტელევიზიის როზეტები? სულ უფრო მეტი ადამიანი გადადის Wi-Fi-ზე, მაგრამ უმჯობესია, გქონდეს სადენიანი ინტერნეტის წერტილები მაინც, განსაკუთრებით სამუშაო ზონაში ან ტელევიზორთან.

  • განათების წერტილები:

    • სად გჭირდება ზოგადი განათება? (ჭერის სანათები)

    • სად გჭირდება სამუშაო განათება? (სამზარეულოს ზედაპირის განათება, სამუშაო მაგიდა)

    • სად გჭირდება დეკორატიული ან ზონალური განათება? (ტორშერები, ბრები, ლედ ლენტები)

    • გაითვალისწინე მრავალკლავიშა ჩამრთველები ან დიმერები კომფორტისთვის.


P.S. ამ ყველაფერს და კიდევ ბევრად მეტს აკეთებს ინტერიერის დიზაინერი შენს მაგივრად. ის გაბარებს ამ სახელმძღვანელო წიგნს, სადაც ყველა დეტალი გარკვეული, დაგეგმილი, სიზუსტით გაანგარიშებული და დაპროექტებულია. ეს არის დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ვიზუალურ, არამედ ტექნიკურ ნაწილსაც, რათა სარემონტო პროცესი შეფერხებების გარეშე წარიმართოს.


ახლა, როცა შენი ბინისთვის განკუთვნილი იდეები ქაღალდზე გადაიტანე, ფუნქციური გეგმაც მზადაა და დიზაინის კონტურებიც გამოიკვეთა – დროა ვირტუალური სამყაროდან რეალობაში გადმოინაცვლო! რემონტის ყველაზე საინტერესო, თუმცა ყველაზე შრომატევადი ნაწილი სწორედ ახლა იწყება – ადგილზე სამუშაოების წარმოება. ნუ შეგეშინდება, ეს სულაც არ არის ისეთი რთული, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მე დაგეხმარები გაერკვე, რა სამუშაო რის შემდეგ კეთდება, რა დროს მოითხოვს თითოეული ეტაპი, რას მოიცავს ის და, რაც მთავარია, როგორ გამოძვრე ამ პროცესიდან მინიმალური სტრესით. მოემზადე, შენი ოცნების ბინა ნელ-ნელა ფორმას იღებს!


4. სამუშაოების თანმიმდევრობა — არ აურიო

რემონტის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია სამუშაოების სწორი თანმიმდევრობის დაცვა. ეს გეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი ხარჯები, დროის კარგვა და ისეთი სიტუაციები, როცა უკვე შესრულებული სამუშაოს დაზიანება და გადაკეთება გიწევთ მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად.

გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ მოცემული სამუშაოების ხანგრძლივობა საშუალო მაჩვენებელია და გათვლილია დაახლოებით 60 კვადრატული მეტრის, 1-საძინებლიანი ბინის რემონტისთვის. რეალური დრო შეიძლება განსხვავდებოდეს ხელოსნების გამოცდილების, გამოყენებული მასალების და კონკრეტული სირთულეების მიხედვით.


1. დემონტაჟი და ნარჩენების გატანა

დემონტაჟი

შესაძლო ხანგრძლივობა: 3-5 დღე

რა კეთდება: ეს რემონტის "ბინძური" ეტაპია. ხდება ყველა არასასურველი და ძველი ელემენტის მოცილება: ძველი შპალერი, იატაკი, შიდა ტიხრები (არამზიდი კედლები), კარები, ძველი სანტექნიკა და ელექტროობის გაყვანილობა. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ შეეხოთ მზიდ კედლებს კონსტრუქტორის ნებართვის და სპეციალური ოფიციალური დასკვნის გარეშე.

რჩევები:

  • წინასწარი დაცვა: სანამ დემონტაჟს დაიწყებთ, დაფარეთ ის ნაწილები, რომლებიც არ იშლება. (მაგალითად ძველი საცხოვრებელი ბინის შემთხვევაში პარკეტი რომელიც შეიძლება მაინც გამოდგეს აღდგენის შემდეგ)

  • ნარჩენების გატანა: შეიძლება დაგჭირდეთ სპეციალური კონტეინერების შეკვეთა ან "ჟირაფის" (ამწე მანქანის) მომსახურება, რადგან ლიფტით დიდი მოცულობის ნარჩენების გადაზიდვა, როგორც წესი, დაუშვებელია.


2. ახალი ტიხრების ამოყვანა

ტიხარი

შესაძლო ხანგრძლივობა: 3-7 დღე

რა კეთდება: დემონტაჟის შემდეგ, თქვენი ახალი დაგეგმარების შესაბამისად, ხდება ახალი შიდა ტიხრების ამოყვანა. საცხოვრებელ ბინებში ყველაზე ხშირად გამოიყენება 10-15 სმ სისქის სამშენებლო ბლოკი ან თაბაშირ-მუყაო. ბლოკი უფრო მყარია, კარადების დასაკიდებლად უფრო გამოსადეგარია და უკეთეს ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს, თუმცა მისი მონტაჟი მეტ "სველ" სამუშაოსთან არის დაკავშირებული. თაბაშირ-მუყაო სწრაფად მონტაჟდება, მსუბუქია და კარგია სხვადასხვა დიზაინის ელემენტების შესაქმნელად.

მასალები:

  • ბლოკი: სამშენებლო ბლოკები, ცემენტი, ქვიშა (ან სპეციალური წებოვანი ნარევი).

  • თაბაშირ-მუყაო: თაბაშირ-მუყაოს ფილები, ლითონის პროფილები და ფიტინგები.

რჩევები:

  • 100 ჯერ გაზომე-ერთხელ გაჭერი: ამოშენებამდე შეგიძლია დაგეგმარების მიხედვით სიმაღლეში ერთი წყება ბლოკი დაალაგო და შექმნა დატიხვრის იმიტაცია, თუ ყველაფერი ისე იქნება როგორც წარმოგედგინა, შეგიძლია დაიწყო ამოშენება.

  • ხმის იზოლაცია: თუ თაბაშირ-მუყაოს იყენებთ, დაგეგმეთ ხმის იზოლაციის დამატება (მაგალითად, მინერალური ბამბა).


3. ინჟინერია (ელექტროობა, სანტექნიკა და გათბობა)

ელექტროობა

შესაძლო ხანგრძლივობა: 10-15 დღე (შეიძლება პარალელურად მიმდინარეობდეს)

რა კეთდება: ეს თქვენი ბინის „ნერვული სისტემაა“. ხდება ელექტროობის (, კაბელების გაყვანა, როზეტების, ჩამრთველების, განათების წერტილებისთვის), სანტექნიკის (წყალგაყვანილობის და კანალიზაციის მილების გაყვანა, ტრაპების, გადამკეტი ონკანების მონტაჟი) და ცენტრალური გათბობის სისტემების (მილების გაყვანა რადიატორებისთვის ან იატაკის გათბობის სისტემის მონტაჟი) მონტაჟი.

მასალები:

  • ელექტროობა: სხვადასხვა სისქის ელექტრო კაბელები, როზეტები, ჩამრთველები, ავტომატები, ელ-ფარი.

  • სანტექნიკა: წყლის და კანალიზაციის მილები, ფიტინგები, გადამკეტი ონკანები.

  • გათბობა: რადიატორები, გათბობის მილები, კოლექტორები, გათბობის ქვაბი.

რჩევები:

  • ზუსტი ნახაზი: აუცილებელია გქონდეთ დეტალური ტექნიკური ნახაზი.

  • რეზერვი: ყოველთვის დაამატეთ 10-20% მეტი ელექტრო წერტილი.

  • მასალის ხარისხი: არასოდეს დაზოგოთ ფული სანტექნიკურ გადამკეტ ონკანებსა და მილების ხარისხზე.

  • სპეციალისტი: გათბობის სისტემების მონტაჟი აუცილებლად პროფესიონალებს მიანდეთ.

  • იატაკის გათბობა: თუ იატაკის გათბობას აირჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ ის იატაკის დონეს აამაღლებს.


4. შავი ლესვა და იატაკის მოჭიმვა

იატაკის მოჭიმვა

შესაძლო ხანგრძლივობა: 7-14 დღე (გაშრობის ჩათვლით)

რა კეთდება:

  • კედლების ლესვა: კედლების გასწორება. აბაზანაში და სამზარეულოში ილესება ქვიშა-ცემენტის ხსნარით. სხვა ოთახებში შესაძლებელია გაჯის ან მშრალი ნარევების გამოყენება.

  • იატაკის მოჭიმვა (სტიაშკა): იატაკის გასწორება საბოლოო საფარის დასაგებად.

მასალები:

  • ლესვა: ცემენტი, ქვიშა, გაჯი (თუ საჭიროა), თაბაშირის ფითხი.

  • სტიაშკა: ცემენტი, ქვიშა, წყალი.

რჩევები:

  • გაშრობის დრო: ლესვის და სტიაშკის შემდეგ აუცილებელია საკმარისი დრო გაშრობისთვის

  • გადაამოწმე კედლის ზედაპირის და მისი კუთხეების სისწორე. ეს ძალიან მნიშველოვანია რადგანაც ბოლოს ბინაში რომ ავეჯს დადგამ და უხერხულ ღრიჭოებს დაიტოვებს უკვე ძალიან გვიანია. ამ ეტაპზე უნდა მოხდეს კედლის მაქსიმალურად გასწორება, რადგანაც სამღებრო საქმის დროს შპაკლი არ ასწორებს კედელს, ის გაიმეორებს იმ უსწორმასწორო ზედაპირს რაც მიიღე გალესვის შედეგად. ძალიან ბევრი უშვებს შეცდომას და კედლის სისწორეს აკვირდება როცა უკვე სამღებრო საქმე დამთავრებულია და კედელიც შეღებილია, ამ დროს კი კედლის სისწორეზე დაკვირვება ძალიან დაგვიანებულია.

  • აბაზანა: აბაზანის იატაკის მოჭიმვისას არ დაგავიწყდეთ ჰიდროიზოლაციის გაკეთება. აბაზანის კედლები უნდა გაილესოს ქვიშა-ცემენტით.


5. კაფელ-მეტლახის დაგება

კაფელ-მეტლახი

შესაძლო ხანგრძლივობა: 5-10 დღე

რა კეთდება: აბაზანაში, სამზარეულოში და შესაძლოა დერეფანშიც ხდება კედლებსა და იატაკზე კაფელ-მეტლახის დაგება. კუთხებიის გამოყვანა 45 გრადუსიანი შეერთებით გამოიყურება უფრო ელეგანტურად და თანამედროვედ მაგრამ ზრდის ბიუჯეტსა და სამუშაო დროს.

მასალები: კაფელი, მეტლახი, კაფელის წებოცემენტი, ფუგა, კლიფსები.

რჩევები:

  • დახრა: აბაზანაში, ტრაპის მიმართულებით, საჭიროა იატაკის მცირე დახრის უზრუნველყოფა.

  • გამოთვლა: წინასწარ გამოთვალეთ საჭირო კაფელის რაოდენობა, 10-15%-იანი რეზერვით.


6. ჭერის მოწყობა - თაბაშირ-მუყაო

თაბაშირ-მუყაო

შესაძლო ხანგრძლივობა: 3-7 დღე

რა კეთდება: ჭერის დიზაინი, იქნება ეს თაბაშირ-მუყაოს დაშვებული ჭერი, გასაჭიმი ჭერი თუ უბრალოდ შპაკლვა და შეღებვა.

მასალები:

  • თაბაშირ-მუყაო: თაბაშირ-მუყაოს ფილები, პროფილები.

  • გასაჭიმი ჭერი: სპეციალური ტილო.

  • საღებავი: შპაკლი, გრუნტი, საღებავი.

რჩევები:

  • განათება: ჭერის მოწყობამდე დაგეგმეთ განათების წერტილების ზუსტი მდებარეობა.

  • სიმაღლე: გაითვალისწინე შეკიდული ჭერის ჩამოწევის დონე. სასურველია ჩასასმელი სანათის ნიმუში მიტანილი გქონდეს ობიექტზე სანამ ჭერი გაკეთდება. ეს პროცესი აუცილებელია, რომ დავრწმუნდეთ ბოლოს სასურველი სანათი ჭერში ნამდვილად ჩაგვეტევა.


7. კედლების შპაკლვა და შეღებვა/შპალერის გაკვრა

დაშპაკვლა

შესაძლო ხანგრძლივობა: 10-15 დღე

რა კეთდება: ეს არის „წმინდა“ სამუშაოების ეტაპი. კედლების საბოლოო მომზადება თხელი ფენით და შემდეგ შეღებვა ან შპალერის გაკვრა. ამ დროს მნიშვნელოვანია ბინაში იყოს სისუფთავე არ ეყაროს ნარჩენები და არ მოძრაობდეს მტვერი. კიდევ ერთხელ გეტვი რომ ამ ეტაპზე არ სწორდება კედლები, ისინი უკვე ლესვაში უნდა იყოს გასწორებული. პროცესი არის შემდეგნაირი, უნდა გასუფთავდეს კედელი, დაიგრუნტოს, დაიფაროს 1 ფენა შპაკლით, სიბრტყე დამუშავდეს ზუმფარით, დაიშპაკლოს მეორე პირი, ისევ ზუმფარა, გრუნტი და შეღებვა.

მასალები: შპაკლი, გრუნტი, საღებავი, შპალერი, შპალერის წებო.

რჩევები:

  • გაშრობა: თითოეული ფენა უნდა გაშრეს სრულად.



8. იატაკის საფარის დაგება

ლამინატი

შესაძლო ხანგრძლივობა: 2-5 დღე

რა კეთდება: ხდება საბოლოო იატაკის საფარის დაგება – ლამინატი, პარკეტი, ვინილი ან სხვა მასალა. ეს ეტაპი რემონტს აძლლევს დამამთავრებელ იერსახეს, შეგრძნება დაგეუფლება, რომ რემონტს მორჩი.

მასალები: ლამინატი/პარკეტი/ვინილი, საიზოლაციო ფენა), პლინტუსები.

რჩევები:

  • არ დაზოგო: იატაკზე ფული არ უნდა დაზოგო.

  • აკლიმატიზაცია: ლამინატი ან პარკეტი დაგებამდე 24-48 საათით ადრე მიიტანეთ ობიექტზე.

  • სასურველია სახვადასხვა მასალის დონეები ერთმანეთს ემთხვეოდეს, მაგალითად: ლამინატისადა კერეამოგრანიტის ზედაპირები რომ დარჩეს ერთ დონეზე.


9. კარების დაყენება და სხვა დეკორატიული სამუშაოები

კარი

შესაძლო ხანგრძლივობა: 3-7 დღე

რა კეთდება: შიდა კარების მონტაჟი, სოკეტების და ჩამრთველების მონტაჟი, განათების მოწყობილობების დაკიდება, კედლის დეკორატიული ელემენტების დამონტაჟება.

მასალები: კარები, კარების ჩარჩოები, საკეტები, როზეტები, ჩამრთველები, განათების მოწყობილობები.

რჩევები:

  • მტვერი: შეეცადეთ მაქსიმალურად შეამციროთ მტვერი ამ ეტაპზე.


10. ავეჯის განთავსება და ფინალური დასუფთავება

ავეჯი

შესაძლო ხანგრძლივობა: 2-5 დღე

რა კეთდება: რემონტის ბოლო ეტაპი მოიცავს ავეჯის აწყობას და განთავსებას, ტექსტილის (ფარდები, ხალიჩები) განთავსებას და ფინალურ დასუფთავებას, რათა თქვენი ახალი ბინა მზად იყოს საცხოვრებლად!

რჩევა: ბევრჯერ მინახავს, როგორ აყენებენ ავეჯს და მერე იწყებენ ჭერის შეცვლას. ნუ მიბაძავ მათ :)



5. დეტალები, რომლებშიც არ უნდა დაზოგო – გრძელვადიანი ინვესტიცია კომფორტსა და სიმშვიდეში

რემონტის ბიუჯეტის დაგეგმვისას ყოველთვის დგას კითხვა: სად შეიძლება დაზოგვა და სად – არა. გამოცდილი ხელოსნები გირჩევენ, არასდროს დაზოგო ფული უსაფრთხოებასთან, კომფორტთან და გამძლეობასთან დაკავშირებულ დეტალებზე. მცირე დანაზოგი ხშირად გაცილებით დიდ პრობლემებთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული მომავალში.


1. ინჟინერული კომუნიკაციები: სანტექნიკა და ელექტროობა

ეს შენი ბინის „სასიცოცხლო არტერიებია“. დაბალი ხარისხის მილები, ფიტინგები, კაბელები, გადამკეტი ონკანები შეიძლება გახდეს წყლის გაჟონვის, მოკლე ჩართვის ან ხანძრის მიზეზი. წარმოიდგინე, რა მოხდება, თუ დაზოგილმა ონკანმა მეზობლები დატბორა.

  • სანტექნიკა: გამოიყენეთ მხოლოდ სანდო მწარმოებლის პოლიპროპილენის ან მეტალოპლასტმასის მილები. მთავარ შესასვლელ და გამანაწილებელ გადამკეტ ონკანებს უნდა ჰქონდეთ მაღალი ხარისხის, ბრინჯაოს ან თითბერის შემადგენლობა. აბაზანაში აუცილებელია ხარისხიანი ტრაპის, ჰიდროიზოლაციის და კუთხის საიზოლაციო ლენტების გაკეთება.

  • ელექტროობა: გამოიყენეთ მხოლოდ სპილენძის კაბელები შესაბამისი განივი კვეთით. ელექტრო ფარში აუცილებლად დააყენეთ ხარისხიანი ავტომატები და დიფერენციალური დენის დამცავი მოწყობილობები უსაფრთხოებისთვის.


2. იატაკის საფარი

იატაკი ინტერიერის ყველაზე დატვირთული ელემენტია. იაფფასიანი იატაკის საფარი მალე გაცვდება, დაკარგავს იერსახეს ან ადვილად დაზიანდება.

  • ლამინატი, პარკეტი, მეტლახი: თუ ლამინატს ირჩევთ, აუცილებლად შეარჩიეთ მაღალი ცვეთამედეგობის კლასი (მინიმუმ 32-33 კლასი). პარკეტი ან მასიური ხე ასევე მოითხოვს პროფესიონალ მონტაჟს.


3. ავეჯი და ჩაშენებული ტექნიკა: სად ღირს ინვესტიცია და სად შეიძლება დაზოგვა

ავეჯისა და ჩაშენებული ტექნიკის სწორი შერჩევა განსაზღვრავს შენი ცხოვრების კომფორტს, ფუნქციონალურობას და ბინის გამძლეობას.

  • არ დაზოგო (ინვესტიცია კომფორტსა და გამძლეობაში):

    • სამზარეულოს ავეჯი: სამზარეულო აქტიური ზონაა. კარკასი, ფასადები, სამუშაო ზედაპირი და ფურნიტურა უნდა იყოს გამძლე ტენიანობის, ტემპერატურის და ხშირი გამოყენების მიმართ. იაფი სამზარეულო მალე დაკარგავს იერსახეს.

    • ჩაშენებული ტექნიკა: ისევე როგორც სხვა ინჟინერული სისტემები, ჩაშენებული ტექნიკა (მაგ., ღუმელი, მაცივარი) არის ინვესტიცია შენს კომფორტში, უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტურობაში. მათი შეცვლა ძვირი და პრობლემურია. დაბალი ხარისხის ტექნიკამ შეიძლება ხშირად მოითხოვოს შეკეთება ან გამოიწვიოს ავარია. ინვესტიცია ჩადე ცნობილი ბრენდების, ენერგოეფექტურ და საიმედო მოდელებში.

  • შეიძლება დაზოგო (გონივრული კომპრომისი):

    • დეკორატიული ავეჯი: ყავის მაგიდები, პატარა თაროები, ტუმბოები, სკამები (თუ არ არის ინტენსიური გამოყენებისთვის). აქ შეგიძლია აირჩიო უფრო ხელმისაწვდომი მასალისგან დამზადებული ავეჯი.

    • ტექსტილი და დეკორი: ფარდები, ბალიშები, ხალიჩები, ნახატები. ეს ის ნივთებია, რომელთა შეცვლა მარტივია და ინტერიერს ხშირად განაახლებთ დიდი დანახარჯის გარეშე.


დასკვნა: ეს ის სფეროებია, სადაც დაზოგვა გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით ძვირი დაგიჯდება. რემონტი დიდი ინვესტიციაა, რომელმაც წლების განმავლობაში უნდა მოგიტანოს კომფორტი და სიმშვიდე. დაგეგმე ბიუჯეტი გონივრულად და ნუ დაზოგავ იმ დეტალებზე, რომლებიც შენი ბინის საძირკველს წარმოადგენს.



გავრცელებული შეცდომები: რა უნდა გაითვალისწინო?


რემონტის პროცესი, როგორც აღვნიშნეთ, მრავალეტაპიანია და, ბუნებრივია, შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა, თუ წინასწარ გეცოდინება, რა "ხაფანგები" გელოდება, ბევრი პრობლემის თავიდან არიდებას შეძლებ. ქვემოთ წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს, რომლებსაც როგორც დაგეგმვის, ისე უშუალოდ სამუშაოების წარმოების დროს უშვებენ. გაეცანი მათ და ეცადე, არ გაიმეორო:


  • არაზუსტი გაზომვები და გამოთვლები.

  • დეტალური გეგმის არარსებობა ან არასრული გეგმა.

  • ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვა (რეზერვის გარეშე).

  • ზედმეტი ეკონომია მასალებზე (დაბალი ხარისხის მასალის შეძენა).

  • არაკვალიფიციური სპეციალისტების დაქირავება.

  • ყველა კომუნიკაციის (ელექტროობა, სანტექნიკა, ვენტილაცია) წინასწარ არ დაგეგმვა.

  • ელექტრო როზეტების არასწორი რაოდენობა და განლაგება (მათ შორის, ტექნიკის უკან ან ავეჯით დასაფარ ადგილას).

  • არასაკმარისი ყურადღება ჰიდროიზოლაციაზე.

  • კომუნიკაციების (მილები, ელ. სადენები) ფოტოგადაღების უგულებელყოფა კედლების იატაკის დახურვამდე.

  • მასალების არასწორი შენახვა ან ტრანსპორტირება.

  • ნაგვის დროულად არ გატანა.

  • ფარული სამუშაოების (სანტექნიკა, ელექტროობა, იატაკის მოჭიმვა) ხარისხის არ შემოწმება დახურვამდე.

  • ძველი გაყვანილობის/მილების დატოვება ახალ რემონტში, განსაკუთრებით ძველ სახლებში.

  • სარემონტო სამუშაოების თანმიმდევრობის დარღვევა.

  • ავეჯის და ტექნიკის ზომების არ გათვალისწინება რემონტის დაგეგმვის ეტაპზე.

  • მშენებლობის ნორმებისა და სტანდარტების უგულებელყოფა (მაგალითად, ხმის იზოლაცია, ვენტილაციის სისტემა).

  • მეზობლებთან კომუნიკაციის ნაკლებობა (ხმაურიანი სამუშაოების დაწყებამდე).

  • სამუშაო გრაფიკის მკაცრად არ დაცვა და ვადების გაჭიანურება.

  • ფერისა და განათების შეხამების არასწორი შეფასება (პატარა ნიმუშზე დაყრდნობით).

  • არასაკმარისი რაოდენობის მასალის შეძენა, რაც აფერხებს სამუშაოებს.

  • არასწორი მიდგომა დემონტაჟისას (ნგრევა დაგეგმვის გარეშე).

  • კომუნიკაციების გადატანის შეუძლებლობის ან შეზღუდვების არ გათვალისწინება (მაგალითად, გაზის მილები).

  • დიზაინერული გადაწყვეტილებების არაპრაქტიკულობა (მაგ. რთულად მოსავლელი ზედაპირები).

  • სარემონტო ნარჩენების არასწორი განკარგვა.

  • საკმარისად თვალყურის არ მიდევნება ობიექტზე მიმდინარე პროცესზე.


დაიწყე მოგზაურობა შენი ოცნებისკენ!


გილოცავ! ახლა უკვე გაქვს სრულყოფილი სახელმძღვანელო, რომლითაც თამამად შეხვდები რემონტის გამოწვევებს. ნუ შეგეშინდება, თუ ზოგიერთი დეტალი რთულად მოგეჩვენა – მთავარია, გაქვს სამოქმედო გეგმა, იცი, რა კითხვები უნდა დასვა და რას უნდა მიაქციო ყურადღება.


გახსოვდეს, რემონტი არა მხოლოდ შრომატევადი პროცესია, არამედ შესაძლებლობა, შექმნა სივრცე, რომელიც სრულად ასახავს შენს ხასიათს და საჭიროებებს. ნუ ეცდები ყველაფერი იდეალურად გააკეთო პირველივე ცდაზე. შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ მათგან სწავლა ყველაზე ფასეულია.


იყავი მომთმენი, მიჰყევი გეგმას და ნუ დაგავიწყდება, რომ ეს შენი პროექტია! წარმატებებს გისურვებ ამ საინტერესო მოგზაურობაში. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ისეთი ბინა გექნება, რომლითაც ნამდვილად იამაყებ!

bottom of page