top of page

ღია ტიპის vs. გამოყოფილი სამზარეულო: რომელი გეგმარებაა უკეთესი თქვენი სახლისთვის?

სანამ სახლში რემონტს დაიწყებთ, პროექტირების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია დაგეგმარება, რათა სწორად და ფუნქციურად მოხდეს სივრცის ათვისება. ამ პროცესში ერთერთი აქტუალური კითხვა არის: გაერთიანდეს სამზარეულო და მისაღები ერთ ღია სივრცეში, თუ დარჩეს როგორც ორი ცალ-ცალკე ოთახი?


ეს არჩევანი მხოლოდ ვიზუალზე არ არის დამოკიდებული — ის პირდაპირ განსაზღვრავს, როგორ იცხოვრებთ ამ სივრცეში, როგორ იმოძრავებთ, უმასპინძლებთ სტუმრებს, როგორ მოამზადებთ კერძებს და როგორ იურთიერთობებთ ოჯახის წევრებთან დღის განმავლობაში.

სამზარეულოს ფუნქცია წლების განმავლობაში შეიცვალა — ადრე ის მხოლოდ ტექნიკური, ფარული სივრცე იყო, ხოლო დღეს ის სახლის გულია — შეხვედრების, კრეატიულობისა და ოჯახური კომუნიკაციის ცენტრი. მისაღები კი რჩება როგორც მთავარი ზონა დასვენებისა და ურთიერთობებისთვის.

ზოგისთვის ამ ორი სივრცის გაერთიანება ქმნის თანამედროვე, მყუდრო და სოციალურ ატმოსფეროს. სხვებისთვის კი მათ გამოყოფას უდიდესი მნიშვნელობა აქვს — ეს აძლევთ შესაძლებლობას შეინარჩუნონ წესრიგი, სიმშვიდე და ვიზუალური სისუფთავე.

საბოლოო არჩევანი დამოკიდებულია თქვენი ცხოვრების სტილზე, საჭიროებებზე, სივრცის მოცულობაზე, მის ბუნებრივ განათებაზე და პირად ჩვევებზე.

ქვემოთ გთავაზობთ ორივე ვარიანტის დადებით და უარყოფით მხარეებს, რათა დაგეხმაროთ პასუხის პოვნაში თუ რომელი განლაგება შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.




სტუდიო

სტუიო სივრცე, მისაღები

სამზარეულო ცალკე

სამზარეულო, ღია სამზარეულო. MDF


ღია ტიპის სამზარეულო და მისაღები ერთ სივრცეში

ღია გეგმარება აერთიანებს სამზარეულოს, სასადილოსა და მისაღებ ზონას ერთ მთლიან გარემოში კედლების გარეშე. ეს თანამედროვე და ფუნქციური გადაწყვეტაა, განსაკუთრებით კი პატარა ბინებისთვის, სადაც ფართის სიმცერეა. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს ეს სამი სივრცე შედარებით პატარა ზომის ფართში მოვათავსოთ ვიდრე ცალ ცალკე იქნებოდა საჭირო.

დადებითი მხარეები:

  • სივრცის შეგრძნება – სივრცე ვიზუალურად უფრო დიდი ჩანს.

  • ბუნებრივი განათების უკეთესი განაწილება – ფანჯრების შუქი თავისუფლად ვრცელდება მთელ ზონაში.

  • სოციალური ურთიერთობები – შეგიძლია მოამზადო საჭმელი და ამავდროულად იურთიერთო ოჯახის წევრებთან ან სტუმრებთან.

  • თანამედროვე და მყუდრო დიზაინი – ქმნის თანამედროვე ატმოსფეროს და სახლის გულს.

უარყოფითი მხარეები:

  • სუნი და ხმაური – სამზარეულოს სუნი და ხმაური ვრცელდება მისაღებში.

  • პირადი სივრცის ნაკლებობა – არ გაქვს შესაძლებლობა იყო განმარტოებული სამზარეულოში.

  • ყოველდღიური წესრიგი აუცილებელია – ყველაფერი ერთ სივრცეშია, ამიტომ რომელიმე ზონაში უწესრიგობა ვიზუალურად დიდ გავლენას ახდენს მთ₾იან სივრცეზე.


გამოყოფილი სამზარეულო — ტრადიციული განლაგება

ამ ტიპის გეგმარებაში სამზარეულო ცალკე ოთახია, გამოყოფილი მისაღებისგან. ეს ტრადიციული, ხშირად პრაქტიკული გადაწყვეტაა.

დადებითი მხარეები:

  • სუნისა და ხმაურის იზოლაცია – სამზარეულოს აქტივობები არ ვრცელდება სხვა ზონებში.

  • ვიზუალური სისუფთავე მისაღებში – თუ სამზარეულოში არეულობაა, ის გავლენას ვერ ახდენს მისაღებზე.

  • მეტი კარადებისა და შესანახი სივრცის შესაძლებლობა – კედლების არსებობა გაძლევთ მეტ ფუნქციურობას.

  • სიწყნარე და კონცენტრაცია – საჭმლის მომზადება შესაძლებელია ყურადღების გადატანის გარეშე.

უარყოფითი მხარეები:

  • სივრცის ვიზუალური შემცირება – პატარა ბინებში გამოყოფილი ოთახები სივრცეს „ჭამს“.

  • შუქის ნაკლებობა – სამზარეულოს მხოლოდ ერთი სინათლის წყარო რჩება ხშირ შემთხვევაში


როგორ გადავწყვიტოთ რომელი ვარიანტია ჩვენთვის ხელსაყრელი?


აი რამდენიმე კითხვის მაგალითი, რომელზეც პასუხის გაცემით დაეხმარებით საკუთარ თავს გადაწყვეტილების მიღებაში:

  • გიყვართ სტუმრებთან ურთერთობა სამზარეულოში საქმიანობასთან ერთად? → ღია გეგმარება

  • გაწუხებთ სამზარეულოს სუნები ან ხმაური? → გამოყოფილი სამზარეულო

  • გაქვთ მცირე ბინა ან ნაკლებად ნათელი სივრცე? → ღია გეგმარება

  • გსურთ წესრიგის შენარჩუნება მისაღებში ნებისმიერ დროს? → გამოყოფილი სამზარეულო

  • გჭირდებათ ბევრი შესანახი სივრცე და კედლის სიბრტყე მეტი კარადისთვის? → გამოყოფილი სამზარეულო

  • გიყვართ თანამედროვე და ღია დიზაინი? → ღია გეგმარება


დასკვნა

ორივე ვარიანტი მუშაობს სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის და სახლებისთვის. ღია გეგმარება იდეალურია მათთვის, ვინც სოციალური, დინამიური და თანამედროვე გარემოს ეძებს, ხოლო გამოყოფილი სამზარეულო საუკეთესოა მათთვის, ვისაც სურს მეტი კონფიდენციალურობა, კონტროლი და წესრიგი.


თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ, შეგიძლიათ განიხილოთ ნახევრად ღია გეგმარება, მაგალითად, მინის კარით ან მოძრავი პანელებით, რაც გაძლევთ მოქნილობას რომ სივრცემ თქვენი მეტი მოთხოვნა დააკმაყოფილოს, თუმცა ეს უკანასკნელიც ასევე დამოკიდებულია ოთახის და სივრცის მოყვანილობაზე. მთავარი ფაქტორებია რომ: სივრცე იყოს განიავებადი, სივრცეში აღწევდეს ბუნებრივი განათება და ხელს არ უშლიდეს დანარჩენი ზონების ფუნქციონირებას.

Comments


bottom of page